ფაბლაბი

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "მერმისი" - მსოფლიო საერთაშორისო ფაბლაბების რუკაზე.

მიმდინარე წლის 9 იანვარს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში ,,მერმისი“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ,,ფაბლაბის“ გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა და სხვა საპატიო სტუმრებმა. ღონისძიების ფარგლებში კოლეჯის დირექტორმა ნონა ღუდუშაურმა სტუმრებს დაათვალიერებინა „ფაბლაბი“ და აჩვენა ლაბორატორიაში შექმნილი კოლეჯის სტუდენტთა ნამუშევრები. აღნიშნული ღონისძიებით ერთდროულად ოფიციალურად ამოქმედდა 14 პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე შექმნილი ფაბლაბები როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური). აღნიშნული ლაბორატორიები გახდნენ საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრები. საქართველო მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე ინაცვლებს. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება. ფაბლაბების მიზანია მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ახალი სტარტაპ ბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

Owl Image
Owl Image
Owl Image